Tuesday, March 15, 2016

წმიდა გიორგის სახელობის კარის ეკლესია

კარის წმ. გიორგის ეკლესია ერეკლე II –ის მოედანზე, კალა უბანში მდებარეობს.
XVIII საუკუნიდან იგი მეფეთა კარის ეკლესია გახლდათ, აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც. სამეფო უბნის ეკლესიაში თავად საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII მოინათლა.
კარის ეკლესიის ისტორიას ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ფირცხალეიშვილი გიამბობთ:
“ვახტანგ გორგასალმა თბილისში ხუთი ეკლესია ააგო იერუსალიმის წმიდა ადგილების ანალოგის მიხედვით: სიონი, მეტეხი, ჯვრისმამა, ბეთლემი და კარის წმიდა გიორგის ეკლესია, რომელიც თავდაპირველად მთავარანგელოზთა სახელობის გახლდათ. იგი XIV საუკუნის დასასრულს, მონღოლების შემოსევისას დაინგრა. XVII საუკუნის 40-იან წლებში, მეფე როსტომის სურვილით, ტაძრის ნანგრევებზე მისივე ქვებით სამი ეკლესია აიგო: წმ.იოანე ნათლისმცემლის, ხარებისა და წმ. გიორგის სახელობის. ჩვენამდე მხოლოდ ამ უკანასკნელმა მოაღწია.
წმიდა გიორგის სახელობის კარის ეკლესია
XVIII საუკუნიდან იგი მეფეთა კარის ეკლესია გახლდათ, აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც. XIX საუკუნეში და ასევე, 1991-1992 წლებში ტაძარი კვლავ შეაკეთეს.
1992 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კარის წმიდა გიორგის სახელობის ახლად რესტავრირებულ ტაძარში წირვა-ლოცვა განახლდა. წმიდა გიორგის სახელობის კარის ეკლესია რესტავრაციასა და ღვთისმსახურების აღდგენაში დიდი წვლილი მის პირველ წინამძღვარს, არქიმანდრიტ იოაკიმეს (ასათიანი) მიუძღვის.
ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. ნაგებობის ქვედა ნაწილში ქვისა და აგურის შერეული წყობაა. კედლის ზედა ნაწილი კი მთლიანად აგურითაა ამოყვანილი. ინტერიერში სივრცე საბჯენი თაღით იყოფა.
ეკლესიის დასავლეთით 1990-იან წლებში აგებული ორსართულიანი სამრეკლო დგას.
1976 წელს ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოებისას არქეოლოგებმა ეკლესიის დასავლეთ კედელზე მიშენებულ სამ აკლდამას მიაკვლიეს, რომლებიც მიგვანიშნებენ, რომ ტაძარი XIII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება.
ეზოს დასავლეთ ნაწილში ძველი სასახლის ნაშთებია აღმოჩენილი, რომელიც დიდი ნათალი ქვებისგან ყოფილა აგებული.
ერეკლეს მოედნის ჩრდილოეთით დგას საქართველოს მეფის გიორგი XII-ის უბრალო სასახლე – ორსართულიანი აივნიანი შენობა. წმიდა გიორგის სახელობის კარის ეკლესია ეს იყო მეფის დროებითი სადგომი აღა-მაჰმად-ხანის მიერ ქალაქის აოხრების შემდეგ. თავად მეფე გიორგი XII კარის წმიდა გიორგის ტაძარში გახლავთ მონათლული. ამავე ეკლესიაში დაიწერა ჯვარი სტალინმა.
ეკლესიაში ძირითადად ახლადდაწერილი ხატებია: წმ. გიორგი, წმ. ნინო და სხვები. მათ შორის – “საქართველოს დიდება”, რომელიც ქართველმა ხატმწერმა მიხეილ საბინინმა კარის ეკლესიის მოხატულობის მიხედვით შექმნა.
ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის მოხატვა ხატმწერ დავით მორგოშიას მიერ.
პატრიარქის კურთხევით, ტაძარში ყველა გაჭირვებულ ადამიანს შეუძლია ყოველდღე მოვიდეს და ისადილოს. უწმიდესის თხოვნა იყო, რომ ჩვენ, სამღვდელო პირებსაც ამ ადამიანებთან ერთად გვესადილა, რადგან მათ თავი უხერხულად არ ეგრძნოთ. მინდა აღვნიშნო, გასულ წლებთან შედარებით იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ჩვენს ტაძარში დასაპურებლად მოდიოდა, შემცირდა”.

 

No comments:

Post a Comment