Tuesday, March 15, 2016

ურბნისის სტეფანე პირველმოწამის ტაძარში სასწაულები დღემდე აღესრულება.

ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში შემოსულ წმინდა ნინოს ქართლში, ქალაქ ურბნისში შეუსვენია. იმ ადგილას, სადაც წმინდა ქალწულმა 20 დღე გაატარა, ახლა პატარა საყდარი დგას. არავინ იცის, კაბადოკიელი ქალწული რაიმე ნაგებობაში ცხოვრობდა თუ ხის ქვეშ, მაგრამ ადგილი, სადაც მან დაისვენა, ყველამ იცის. იქაურ მოსახლეობას ნიში მაშინვე აღუმართავს, რომ დაემახსოვრებინათ, როგორც წმინდა ადგილი. მაშინდელი ქალაქი ურბნისი დღეს პატარა სოფელია.
ურბნისი ისტორიულ წყაროებში საქართველოს ერთ–ერთ უძველეს ქალაქად იხსენიება და საოცარი ისტორიაც აქვს. მისი ქალაქად ჩამოყალიბება იწყება ძველი წელთაღრიცხვით მე–6 საუკუნეში. ქალაქი მეფე თარგამოსის ძემ, უფლოსმა, უფლისციხესთან ერთად ააშენა და გარშემო უზარმაზარი ციხე–სიმაგრე შემოავლო. საგანგებოდ იყო გამაგრებული მტრისგან დასაცავად. 4 მეტრის სისქის კედლებზე მოთავსებული იყო კოშკები და სამზერები. ურბნისს სამხრეთით მდინარე მტკვარი ჩამოუდის. ამ მხარეს უბრალო კედელი იყო ამოყვანილი, რადგან 20–25 მეტრის სიმაღლის კლდოვანი ნაპირიდან მტერი ადვილად ვერ შემოვიდოდა.
მრავალსაუკუნოვანი უძველესი დასახლება, დიდი ისტორიის გარდა, უდიდეს სიწმინდეებს და მადლს ფლობს. მისი მთავარი ღირსება მე–5 საუკუნის ბოლოსა და მე–6 საუკუნის დასაწყისში აშენებული უზარმაზარი ტაძარია, რომელიც აგებისთანავე საეპისკოპოსოდ ქცეულა. გადმოცემის მიხედვით, სამნავიანი ბაზილიკა მეფე ვახტანგ გორგასალს აუშენებია. თავიდან ურბნისის სიონი ეწოდებოდა და მარიამ ღვთისმშობლის სახელზე იყო აგებული, მაგრამ 13 ასურელი მამის შემოსვლის შემდეგ ეკლესია წმინდა პირველმოწამე სტეფანეს სახელს ატარებს.
ურბნისს მტრის რამდენიმე დამანგრეველი შემოსევა ახსოვს. მე–7 საუკუნეში არაბებმა ცეცხლს მისცეს და დაანგრიეს ქალაქი, რის შემდეგაც ურბნისმა დაამთავრა თავისი ქალაქად ყოფნის ისტორია.
ურბნისისა და რუისის საეპისკოპოსოები ავტორიტარული ორგანიზაციები იყვნენ. ამიტომაც დავით აღმაშენებელმა 1103 წელს იქ ჩაატარა საეკლესიო კრება, რომლის გადაწყვეტილებებმა დიდი როლი შეასრულეს საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. 1811 წელს გაუქმდა ურბნისისა და რუისის საეპისკოპოსოები და მცხეთას შეუერთდა. ურბნისი კი პატარა, ღარიბ სოფლად იქცა.
ურბნისის წმინდა სტეფანეს სახელობის ტაძარი ის ადგილია, სადაც დავით აღმაშენებელმა რუის–ურბნისის საეკლესიო კრება მოიწვია. ამ ეკლესიის კედლებში დაიდგა გვირგვინი დავით აღმაშენებლის მამამ, გიორგი მეორემ და აქ მოინათლა თავად დავით აღმაშენებელი. გადმოცემის თანახმად, დიდ მეფეს უყვარდა ურბნისში ყოფნა და ბავშვობაში იქ მამამისს ხშირად დაჰყავდა.
...
სოფელში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერია. მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ნინო, ურბნისში დავანებულ მადლსა და ისტორიაზე გვესაუბრა.
დედა ნინო: აქაურობა დიდი მადლის მატარებელია. თურმე ურბნისში დაისვენა წმინდა ნინომ. მტკვარს მოუყვებოდა და 20 დღით აქ შეისვენა. როგორც "ქართლის ცხოვრება" მოგვითხრობს, მოეწონა მტკვრის ნაპირას გაშენებული დასახლება, აქაური ჰაერი, ხალხი და პირველად აქვე იქადაგა ქრისტიანობა. იმ ადგილას, სადაც, გადმოცემის მიხედვით, წმინდა ნინო ცხოვრობდა, დღეს პატარა ტაძარი დგას. ამ ადგილიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება. არავინ იცის, მაშინ ხის ძირში ცხოვრობდა თუ იქ რაიმე შენობა იდგა. წმინდა ნინო დიდი მოღვაწე იყო და შეეძლო, ღია ცის ქვეშაც ეცხოვრა. აქ დასვენებული და ენერგიააღდგენილი წავიდა მცხეთაში და შემუსრა კერპები.
წმინდა ნინო საქართველოში რომ შემოდიოდა, ბრწყინვალე შესამოსელში ჩაცმული კაცი გამოეცხადა, რომელსაც ხელში ეტრატი ეჭირა. ეს გახლდათ პავლე მოციქული. წმინდა სტეფანე, რომლის სახელსაც ურბნისის დიდი ტაძარი ატარებს, პავლე მოციქულის ძმისშვილი იყო. მე–6 საუკუნეში, როცა 13 ასურელი წმინდა მამა შემოვიდა საქართველოში, სტეფანე პირველწამებულის სახელობის გრანდიოზული ტაძარი აღაშენა ასურელმა მამამ, თადეოზ სტეფანწმინდელმა, რომელსაც სტეფანწმინდელი სწორედ ამ ტაძრის გამო ეწოდა. ურბნისში ყოფილა წმინდა სტეფანეს წმინდა ნაწილებიანი დიდი ხატი, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია შენახული. ერთი ღვთისმშობლის ხატიც ყოფილა, სადაც ღვთისმშობლის თმაა ჩატანებული და ის ხატიც მუზეუმშია დღეს.
– რა ცნობებია შემონახული, ვინ იყო წმინდა სტეფანე, რომლის სახელზეც ასეთი დიდი ტაძარია აგებული?
– როგორც გითხარით, წმინდა სტეფანე პავლე მოციქულის ძმისშვილი იყო. სანამ პავლე მოციქული სავლე იყო, ქრისტიანებს დევნიდა, მაცხოვრის ღვთაებრივი გამოცხადების შემდეგ კი პავლე გახდა. იგი ძალიან განსწავლული ფარისეველი გახლდათ და იმდენად დაუნდობელი იყო, რომ საკუთარი ძმისშვილიც კი არ შეიბრალა. ებრაელებს უკიჟინებდა, რომ ქრისტეს მიმდევრები ქვებით ჩაექოლათ. სწორედ რომ ქვებით ჩაქოლეს წმინდა სტეფანე. მის ჩაქოლვაში პავლე მოციქულს მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ სხვა ქრისტანებს რომ თმით მიათრევდა, ურტყამდა, ბევრ ცნობაშია შემონახული.
სტეფანე პირველმოწამე აღესრულა დაჩოქილი, ხელებაპყრობილი. მას ფეხზე მდგომი მაცხოვარი გამოეცხადა. არსებობს განმარტება, რომლის მიხედვით, როცა ქრისტე ვინმეს დამჯდარი ეცხადება, ის მბრძანებლის როლშია, ხოლო როცა ფეხზე დგას, მოქმედებს, ანუ უფალი იბრძოდა წმინდა სტეფანე პირველმოწამისთვის. სწორედ წმინდა სტეფანემ თქვა პირველად – ღმერთო, შეუნდე, რამეთუ არ იციან, რას აკეთებენო. ეს სიტყვები გაიმეორა ილია ჭავჭავაძემ თავის ლექსად დაწერილ ლოცვაში – "გთხოვდე, შეუნდევ, არ იციან, ღმერთო, რას იქმან".
ღვთის მადლით, შესაძლებელია, რომ სავლე პავლედ გადაიქცეს. ერთ დღეს პავლე მოციქულმა უფალი ნათლის სახით იხილა, მუხლებზე დაეცა და ჰკითხა, ვინ ხარო. პასუხად მიიღო, მე ვარ ის, ვისაც შენ დევნიო. "რას მიბრძანებ, უფალო", – წარმოთქვა პავლემ. იმ წუთასვე მორჩილების ნებას გამოაცხადებს პავლე მოციქული, იმ წუთასვე დამორჩილდა, არც დაეჭვებულა. უფალმა უთხრა, ანანიასთან წადი და ის აგიხელს თვალსო. მას ანანიასთან მიიყვანენ, რის შემდეგაც ქრისტიანობის გულმხურვალე მქადაგებელი გახდა და თავმოციქულადაც კი იწოდება პეტრე მოციქულთან ერთად. სწორედ პავლე მოციქული გამოეცხადა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის წინ. როგორც ჩანს, წმინდა მამებსაც ჰქონდათ გამოცხადება იმის შესახებ, რომ ამ ადგილას წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარი აშენებულიყო, თორემ ისე არ ააგებდნენ.
სტეფანე პირველმოწამე შვიდ დიაკონთაგან ერთ–ერთი იყო და დიაკონთმთავარი გახლდათ. ქრისტეს დროს ცხოვრობდა და 70 მოციქულში შედიოდა. მაცხოვარს, 12 მოციქულის გარდა, 70 კიდევ ჰყავდა. აქედან 7 დიაკონი იყო. ამ 7 დიაკვნის ხატიც არსებობს. როგორც სამოციქულოშია გადმოცემული, წმინდა სტეფანე ძალიან წრფელი ადამიანი იყო. გულწრფელად უყვარდა უფალი, რომლისთვისაც თავიც კი დასდო. საოცარი ქადაგება ჰქონდა და მას ვერავინ ამარცხებდა. როცა წმინდა სტეფანესთან იუდეველები სიტყვიერ პაექრობაში ვერაფერს გახდნენ, დაასმინეს, ღმერთსა და მოსეს გმობსო. ამ ბრალდებით წარდგა ნეტარი სტეფანე სინედრიონისა და მღვდელთმთავრის წინაშე. მისი პირიდან ამომავალი სიტყვები ანგელოზისას ჰგავდა. ქალაქგარეთ გაყვანა და ქვებით ჩაქოლვა მიუსაჯეს. იესო ქრისტე ფეხზე მდომი გამოეცხადა, მარიამ ღვთისმშობელი კი იმ დროს მიძინებული არ იყო და წმინდანის წამებას ესწრებოდა. წმინდა სტეფანე ამ დროს გულმხურვალედ ლოცულობდა თავისი მტრებისთვის. როგორც კი თქვა, უფალო, ნუ დასჯი ამ ცოდვებისთვის, რადგან არ იციან, რას აკეთებენო, დაიძინა.
წმინდა სტეფანე მოწამეობრივად აღსრულებული პირველი ქრისტიანი იყო და ამიტომაც ჰქვია პირველმოწამე. 30 წლისა გარდაიცვალა. მხეცთა საჯიჯგნად დაგდებული მისი ცხედარი ფარულად წაასვენეს და მიწას მიაბარეს. 415 წელს საღვთო ჩვენების შემდეგ ამოიყვანეს სტეფანე პირველმოწამის უხრწნელი ნაწილები და იერუსალიმში, სიონის ტაძარში გადააბრძანეს. ჩვენი ტაძრის საკურთხეველში ინახება წმინდა სტეფანეს ხატი, რომელშიც მისი სხეულის ნაწილია ჩაბრძანებული.
– ურბნისში მოღვაწეობდა კიდევ ერთი წმინდანი, ნეოფიტე ურბნელი. ისიც მოწამე იყო?
– დიახ და ნეოფიტე ურბნელიც ქვებით ჩაქოლეს. სადაც ეს მოხდა, სოფლის ცენტრში, დღეს ნეოფიტე ურბნელის სახელობის ნიშია გაკეთებული. ნეოფიტე ურბნელი სპარსელი მეომარი იყო, ომარი ერქვა. წმინდანთა ცხოვრებაში აღწერილია, რომ მე–7 საუკუნეში, როცა საქართველოს სპარსელები შემოესივნენ, ლიახვის ხეობის აოხრების შემდეგ ორი მხედართმთავარი, რომელთა შორის ერთ–ერთი ომარი და შემდგომში ნეოფიტე ურბნელი გახლდათ, მცხეთისკენ გაგზავნეს. მათ სარკინეთის კლდესთან იხილეს გამოკვეთილი კლდე. მისი დაურბევლობა დანაშაულად მიიჩნიეს და გაღმა გასასვლელად მტკვარში შევიდნენ. თუმცა მდინარის გადალახვა ვერაფრით შეძლეს. შეძრწუნებულმა სარკინოზებმა ტყვეებს ჰკითხეს, იმ კლდეებში რა იყო. მათ უთხრეს, რომ ნეტარი შიო მღვიმელის დაარსებული მონასტერი იყო და წმინდა მამის მოღვაწეობის შესახებ მოუყვნენ. ისიც გაიგეს, რომ ამ კლდეებში მაშინაც ცხოვრობდნენ "კაცნი, მონანი ღვთისანი".
ამ ამბის გაგონებამ მხედართმთავარნი დიდად გააკვირვა. მათ ამირა ახმადს შეატყობინეს, რაც მოხდა. ახმადმა ომარს დიდძალი ოქრო–ვერცხლი გაატანა და დააბარა, რომ სამტროდ არ მიდიოდნენ. სარკინეთის ქვაბებს მიახლოებულმა ომარმა ბერებს კაცი გაუგზავნა და აცნობა, რომ ნუგეშისსაცემად მიდიოდნენ და არა სავნებლად. მონასტერს მიახლოებულ ომარს გამოეცხადა შიო მღვიმელი, რომელსაც გარშემო ანგელოზები ეხვივნენ. მაშინ შიო მღვიმელი უკვე შესვენებული იყო. ომარი მიხვდა, რომ წვერმოსილი მოხუცი შიო მღვიმელი იყო და გარშემო მყოფნი უფლის ანგელოზები. ამ ყველაფერს მხოლოდ ომარი ხედავდა. მამებს მოუყვა, რაც ნახა და მათ ადიდეს უფალი და ნეტარი მამა, რადგან მისი მეოხებით მონასტერი აოხრებას გადაურჩა. ომარმა მონაზონთა წინაშე აღთქმა დადო, რომ ქრისტიანად მოინათლებოდა, მონაზვნად აღიკვეცებოდა და სიკვდილამდე ამ რწმენის ერთგული დარჩებოდა.
შიო მღვიმელის მითითებით მოხდა ომარის ნათლობა, ეპისკოპოსად დადგენა და ურბნისში ეპისკოპოსად გამწესება. ეს ყველაფერი ზეციური კარნახით მოხდა. მისი მითითებით დაარქვეს ნეოფიტე, რაც ახალ ნერგს ნიშნავს. სამშობლოში წავიდა, თავისი სიმდიდრე იქაურებს დაუტოვა და ისევ საქართველოში ჩამოვიდა. წმინდა ნეოფიტე სულ ითხოვდა, რომ სტეფანე პირველმოწამის მსგავსი აღსასრულის ღირსი გამხდარიყო. ღვთისგან გამორჩეული უნდა იყო, რომ ასეთი რამ ინატრო და ამის ღირსი მართლაც გახდე.
ურბნისში მაზდეანები ცხოვრობდნენ, რომლებიც ნეოფიტეს ქადაგებებს ვერ იტანდნენ. უსჯულოებმა სრულიად განმარტოებული ნეოფიტე კელიაში ნახეს და გამოათრიეს. აგინებდნენ, ეუბნებოდნენ, სამუდამოდ დაგადუმებთ და შენ მიერ დანგრეულ კერპებს ისევ აღვადგენთო. იცოდნენ, რომ წმინდა ნეოფიტე პირველმოწამე სტეფანეს მსგავს სიკვდილს ნატრობდა. ამიტომ ქვით ჩაქოლვა მიუსაჯეს. წმინდა მამამ ტკბილი ხმით მიუგო: "ტკბილ ჩემდა სიკვდილი, უღმრთონო, ტკბილ ჩემდა. საწადელ ჩემდა განყოფაი კავშირთა უკვდავისა და მოკვდავისა არსებისათა". მისი უკანასკნელი სიტყვები კი იყო, უფალო, იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემიო. ნეოფიტე ურბნელი შიო მღვიმის მონასტერშია დაკრძალული.
ნეოფიტე ურბნელის წმინდა ნაწილიც ინახება ჩვენს საკურთხეველში, სპეციალურ სანაწილეში. ასევე ჩვენი ტაძრის საკურთხეველში ინახება წმინდა გიორგის მუხლის თავი. ამ წმინდა ნაწილებს დღესასწაულებზე გამოაბრძანებენ ხოლმე, რომ ხალხი ემთხვიოს და დიდი მადლი წაიღოს აქედან.
მეუფე იობი კვეთებულის ლოცვებს წმინდა სტეფანეს სახელობის ტაძარში ატარებს. მაშინ გამოაბრძანებს ხოლმე ამ წმინდა ნაწილებს და ყველას აძლევს კურთხევას, რომ მათ ემთხვიონ. ამ წმინდა ნაწილებს ნაკურთხ წყალში გაავლებენ ხოლმე და იმ წყალს მორწმუნეებს ატანენ. ბევრი შეჭირვებული მოდის და ეს წყალი მათ დიდ შვებას აძლევს.
– ამ ყველაფრის მიუხედავად, სოფლის მოსახლეობა მაინცდამაინც მორწმუნე არ არის და არც ტაძარში დადისო, ამბობენ.
– დიახ, ასეა, ბევრი აქ მცხოვრები არ დადის ტაძარში. მცხეთაშიც ასეა. სვეტიცხოველში, სამთავროს მონასტერშიც არ დადის ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა. აქ წირვა–ლოცვაზე უფრო სხვა ადგილებიდან, გორიდან, ხაშურიდან მოდიან. ყველას უნდა, ამ ტაძარში დაიწეროს ჯვარი. ადგილობრივი მოსახლეობა კი არ დადის. როგორც ჩანს, როცა დიდ მადლში არიან, ბრძოლა მეტი აქვთ. ძალიან დიდი ტაძარია. მე–14 საუკუნეში გაუმაგრებიათ და საძირკველს ეტყობა, რომ უფრო დიდი იყო. გარედან სამაგრები აქვს გაკეთებული.
– დედათა მონასტერი როდის დაარსდა?
– არსად მოიპოვება ინფორმაცია, რომ აქ ოდესმე მონასტერი ყოფილიყო. ეს ახლახან, 1998 წელს, მეუფე იობის ლოცვა–კურთხევით მოხდა. პირველი წინამძღვარი დედა ნინო (დაშნიანი) იყო. ორი შვილი ჰყავდა გარდაცვლილი. ბევრი იდარდა და საკმაოდ ახალგაზრდა, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტაძრის ეზოშია დაკრძალული და მის საფლავს დიდი სიყვარულით ვუვლით.
– თქვენ როდის შეუდექით უფლის სამსახურს?
– 20 წლის ვიყავი, როცა მონასტერში წავედი. სამთავროს მონასტერში ვიყავი სტუმრად. მაშინ ბერი გაბრიელი ცოცხალი იყო. მან მითხრა, შენი გზა მონაზვნობააო. მონასტერში ერთხელ რომ მოხვდები, მერე რთულია ამ გზას თავი დააღწიო. იოანე სინელი წერს, ადამიანი თუ მონასტრამდე არ მიჰყავს ან ღვთის სიყვარულს, ან საკუთარი ცოდვების განცდას, ან ცხონებისთვის ზრუნვას, სიცოფეა, იქ ვერ გაჩერდებაო. სტუდენტი ვიყავი, სოლომონის "ამაოება ამაოებათას" რომ ვკითხულობდი. მორწმუნე ვიყავი, რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის მრევლი გახლდით, ჩემი მოძღვარი მამა მიქაელი იყო. ეკლესიაში და უნივერსიტეტში დავდიოდი და, ადამიანთა საქციელს რომ ვაკვირდებოდი, ყველაფერი ამაო იყო. ვეძებდი ღირებულებას, რომელიც ყველაზე უმჯობესი იქნებოდა. მერე კი ისე მოხდა, რომ სამთავროს მონასტერში მოვხვდი სტუმრად. იქ აღმოვაჩინე, რომ ეს იყო ის მარადიული ღირებულება, რისთვისაც შეიძლებოდა შენი ცხოვრება შეგეწირა. რთული გზაა, მაგრამ უფალს თუ მიენდობი, თვითონ შეგიმსუბუქებს. უფალი გვასწავლის – ტვირთი ჩემი ტკბილ არს და მსუბუქო. უკვე 20 წელია მონასტერში ვარ.
წმინდა სტეფანეს ტაძარი საოცარი რამაა. როცა აქ მოვედი, ცუდი ანალიზები მქონდა. წლების განმავლობაში ვმკურნალობდი, რევმოკარდიტი მქონდა. აქ მოსვლიდან ერთ თვეში კი კარგად გავხდი, რაც ექიმსაც გაუკვირდა. ეს სასწაული ამ ტაძარში აღვლენილმა ლოცვის მადლმა მოახდინა. აქ რომ განვიცდი, მსგავსი სიმშვიდე არსად მიგრძვნია. მთელი არსებით ვგრძნობ, რომ უფალი მეფობს. სიმშვიდე ხომ იქ არის, სადაც მადლი და წყალობაა! ნეოფიტე ურბნელის პატარა ეკლესიაც გვაქვს, სადაც ასევე ყოველდღიურად აღევლინება წირვა–ლოცვა. როცა მეუფე იობი კვეთებულის ლოცვას კითხულობს, სასწაულები ხდება. მთელი საქართველოდან, რუსეთიდან და სხვა მართლმადიდებელი ქვეყნებიდან ჩამოდიან სნეული და შეპყრობილი ადამიანები. კვეთებულის ლოცვაზე ყოფნას ხშირად ვერ ვუძლებ.
– რატომ?
– შეპყრობილი ადამიანები ლოცვის დროს ყვირიან, რაც შემზარავი საყურებელია. ეშმაკი ადამიანს ხან მამლის ხმაზე აყვირებს, ხან ჩიტის და ხან – რის. კვეთებულის ლოცვა მაშინ ტარდება, როცა ადამიანი თავისით ვერ ლოცულობს და სხვისი დახმარება სჭირდება ლოცვით. ღმერთმა გააძლიეროს მეუფე იობი, რომ ასეთ ადამიანებს ეხმარება თავისი დიდი ძალით. ბევრი განთავისუფლებულა ასეთი მდგომარეობისგან და მერე მადლობის სათქმელად მოსულა. ზოგს უბრალოდ ფიზიკური დაავადება აწუხებს, ზოგს – პრობლემა აქვს ოჯახში, ზოგს – ჯადო. პრობლემებისგან ნელ–ნელა თავისუფლდებიან. მეუფის ლოცვასთან ერთად მათ ამ ტაძრის მადლიც ეხმარება.


No comments:

Post a Comment